Trainspotting/ჩხერკეთელაობა
'აირჩიე ცხოვრება. აირჩიე სამსახური. აირჩიე კარიერა. აირჩიე ოჯახი. აირჩიე უზარმაზარი ტელევიზორი, აირჩიე სარეცხის მანქანა, ავტომობილი, მუსიკალური ცენტრი და კონსერვის ელექტრო სახსნელი. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაბალი ქოლესტერინი, სტომატოლოგიური დაზღვევა. აირჩიე უძრავი ქონების ფიქსირებული პროცენტი. აირჩიე შენი პირველი სახლი. აირჩიე მეგობრები. აირჩიე კურორტი, ზურგჩანთა. აირჩიე ძვირფასი ტანსაცმელი. აირჩიე დევიზი ''do it yourself'' და კვირა დილით იფიქრე თუ ვინ ოხრობა ხარ. აირჩიე კომფორტული დივანი მატჩების საყურებლად. პირი უვარგისი საჭმლით გამოიტენე. საკუთარ განავალში მწოლიარემ, სიკვდილი საკუთარ სახლში აირჩიე. იმ ეგოისტ ნაბიჭვრების გარემოცვაში, რომლებიც თვითონ შემოიკრიბე, აირჩიე მომავალი. აირჩიე ცხოვრება. მაგრამ რა ჯანდაბად უნდა მინდოდეს მსგავსი რამ? მე ავირჩიე ის, რომ არ ავირჩიე ცხოვრება. მე სხვა რაღაც ავირჩიე. და მიზეზები? არავითარი. ვის რად უნდა მიზეზები, როდესაც არსებობს ჰეროინი.''
ირვინ უელშის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, ზოგადად მისი შემოქმედების ზეგავლენით გადაღებული ფილმი. რეჟისორი დენი ბოილი. ქასთი: ევან მაკრეგორი, ივენ ბრემნერი, ჯონი ლი მილერი, რობერტ კარლაილი. ნუ წმინდა ბრიტანული ამბავია. :D სიუჟეტი ედინბურგში ვითარდება და ასახავს შოტლანდიის დედაქალაქის 80-იანი წლების სენს, ნარკომანიას. საოცარი სიზუსტით შერჩეული საუნდტრეკები , განსაკუთრებით ლეგენდარული lou reed-ის ''perfect day''.
რა თქმა უნდა ნარკომანია ყველგან და ყოველთვის უდიდესი პრობლემა იყო, ხოლო ედინბურგში ოდითგანვე აქტიურად მოიხმარდნენ სხვადასხვა საშუალებებს. თუმცა მაშინ ეს უფრო ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი, ვიდრე საშუალო ან დაბალი ფენისთვის. ნარკოტიკების ჭარბმა შემოდინებამ კი მათი საგრძნობი გაიაფება გამოიწვია.
არსებობს მოსაზრება, რომ ფილმი ნარკოტიკების პოპულარიზაციას, ნარკომანების რომანტიულ ჭრილში წარმოდგენას ცდილობს. თუმცა ფილმიც და მასში ნაჩვენები ეპოქაც სცდება ნარკომანიის საზღვრებს. მძიმე სოციალური გარემო, რომელშიც ამ ახალგაზრდებს მოუწიათ ყოფნა, ხდება ბიძგი ამ ჭაობისკენ. მათთვის ნარკოტიკები თავშესაფარია. დაგროვილმა პრობლემებმა ასე ჰპოვა გამოვლინება. კონკრეტული, ლოკალური სიტუაციების ასახვის ფონზე ზოგადად თემისადმი დამოკიდებულებაც ცხადზე ცხადია: ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვის ზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა, არის გვირგვინი იმ სიბინძურისა და არაჯანსაღი პროცესებისა, რომლებსაც საზოგადოებაში უკვე ღრმად აქვს ფესვები გადგმული. მათ რეალურად არჩევნის გაკეთების საშუალება არ გააჩნიათ. დასაწყისში გაჟღერებული მონოლოგიც არჩევნის ირონიულობას გამოხატავს. ირონია დიდი დოზითაა, შეიძლება ითქვას მთელი ფილმი ისევეა გაჟღენთილი მისით, როგორც რენტონის და მისი მეგობრების ორგანიზმი ნარკოტიკული ნივთიერებებით.
წელს გადაიღეს მეორე ნაწილი, რომელიც ასევე ძალიან მაგარი გამოვიდა. რაც მთავარია მუხტი და ატმოსფერო არ დაკარგულა და დავინახეთ იგივე გმირები, იმავე ისტორიის გაგრძელება 21 წლის შემდეგ. რეალურად გასული დროის ფილმში გადატანა და მორგება, ორი აზრი არაა რომ მთავარი ამოცანა იქნებოდა. ჰოდა ბრწყინვალედ გამოუვიდათ. უბადლოდაა გამეორებული საკვანძო კადრები, მომენტები თუ ამ ხნის განმავლობაში შეცვლილი ადგილები, დამოკიდებულებები. მაგრამ უცვლელია მთავარი დამოკიდებულება, მთავარი პასაჟი, როცა ვერონიკა რენტონს სთხოვს აუხსნას, თუ რას ნიშნავს ''აირჩიე ცხოვრება''.
''აირჩიე ქალის კაბები. ამას იმ იმედით გეტყოდი, თუ ჩვენი მკვდარი ურთიერთობის გაცოცხლება მომინდებოდა. აირჩიე ჩანთები, აირჩიე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ქაშმირი და აბრეშუმი, რათა იხარო და იბედნიერო. აირჩიე აიფონი, დამზადებული ჩინეთში მცხოვრები ქალის მიერ, რომელიც ფანჯრიდან გადმოხტა და ჩაიდე ის ქურთუკის ჯიბეში, რომელიც სამხრეთ აზიის ფაითრებიდანაა ჩამოტანილი. აირჩიე ცხოვრება. აირჩიე facebook, twitter, instagram და ათასობით სხვა საშუალება, რათა შენი დარდი უამრავ უცხო პიროვნებას გაუზიარო. აირჩიე პროფილის განახლება, რათა მთელ სამყაროს უთხრა რა მიირთვი საუზმეზე და იმედოვნო, რომ სადღაც, ვინმეს შენი ამბავი აინტერესებს. აირჩიე შენი ყოფილი შეყვარებულები, რათა საკუთარ თავს დააჯერო, რომ მათსავით ცუდად არ გამოიყურები. აირჩიე ბლოგერობა, შენი პირველი მასტურბაციიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ადამიანის ურთიერთობები ჩვეულებრივი მონაცემებია და მეტი არაფერი. აირჩიე ათი რამ რაც არ იცოდი იმ გამოჩენილ პიროვნებებზე, რომელთაც პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული. აირჩიე წუწუნი აბორტზე. აირჩიე ანეკდოტები გაუპატიურებაზე. აირჩიე მეძავების შერცხვენა. შურისძიების მიზნით პორნო გადაიღე და აირჩიე გაუთავებელი, დეპრესიული ქალთმოძულეობა. დააჯერე შენს თავს რომ 11 სექტემბრის ტერაქტი არ მომხდარა და თუ მოხდა, მაშინ ებრაელები არიან დამნაშავენი. აირჩიე უხელფასოდ მუშაობა იმ სამსახურში, რომელიც შენი სახლიდან ორი საათის სავალზეა. აირჩიე იგივე შენი შვილებისთვის, თუმცა მათ უფრო უარესი პირობები ექნებათ. ან დააჯერე შენს თავს, რომ ისინი შენი შვილები არ არიან, შემდეგ კი წამოწექი და ტკივილის გასაყუჩებლად გაიჩხირე უცხო წამალი, რომელიც ვიღაცის სამზარეულოში დაამზადეს. აირჩიე შეუსრულებელი პირობა და იმის სურვილი, რომ ყველაფერი სხვანაირად გაგვეკეთებინა. აირჩიე, რომ შენი შეცდომებისგან არ ისწავლო. აირჩიე იმ ისტორიის ყურება, რომელიც აუცილებლად მეორდება. ნელა გაუსწორე თვალი რეალობას და დაინახე რა შეგიძლია მიიღო და აღარ უყურო იმას, თუ რისი მიღწევა შეგეძლო. ცოტათი დაკმაყოფილდი და თავაწეული იდექი. აირჩიე იმედგაცრუება და აირჩიე საყვარელი ადამიანების დაკარგვა, რადგან როცა ისინი თვალთახედვის არეს სცდებიან, შენი გული ნაწილობრივ კვდება და მომავალში სანამ მათ ნახავ, ისინი უკვე აღარ იარსებებენ. და აღარაფერი დაგრჩება იმისთვის, რომ ცოცხალი ან მკვდარი დაარქვა. აირჩიე შენი მომავალი ვერონიკა.''

Comments
Post a Comment